რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ ჩამაბარეს კლასი....მე-5 კლასი, ახალდაბის საჯარო სკოლაში.
ბევრჯერ მითქვამს, რომ მასწავლებლობამ აზარტული თამაშივით ჩათრევა იცის, თუმცა ალბათ ყველა პროფესიის ადამიანი ასე იტყოდა საყვარელი საქმის შესახებ...და მაინც, მგონია, რომ მასწავლებელი ვერ სუნთქავს, ვერ ფიქრობს, ვერ ისვენებს თავისუფალ დროს ისე, რომ არ იფიქროს ხვალინდელ გუშინდელ შემთხვევაზე სკოლაში, დღევანდელ გულწრფელ ღიმილზე,კიბეზე ასულს მოსწავლემ რომ შემოაგება დილაუთენია ან ხვალინდელ გაკვეთილზე, მშობელთა კრებასა თუ ღია გაკვეთილზე. საფიქრალს რა გამოლევს, და ყოველ ჯერზე ეს გაუთავებელი ალიაქოთი წყალივით გწყურია. თვალნათლივ გრძნობ,რომ საკლასო ოთახში შესვლისთანავე სადღაც დერეფანში რჩება ცხოვრებისეული ტკივილი,წყენა, დარდი და თითქოს ახალი ადამიანი შედიხარ კლასში, რომელსაც უკიდეგანო ზღვა გიხმობს სხვა ემოციებით, შეკითხვითა და ინტერესით სავსე თვალებით....
მოკლედ ჩემი ახალი კლასი სულ 15 მოსწავლისაა. დიდი მონდომებით შევეცადე რამე განსხვავებული დამეხვედრებინა მათთვის ახალ კლასში,ახალ სართულზე, ახალი მასწავლებლების მოლოდინში....პირველივე შეხვედრაზე მომხიბლეს თავისი მრავალფეროვნებით, როგორც ყველა სხვა კლასში ხდება ხოლმე, მაგრამ ესენი ჩემები არიან, მათ უკვე ჩემები ქვიათ ალბათ მომდევნო რამდენიმე წელი და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის, ვიშრომებთ, ვისწავლით და გავიზრდებით ერთად....
მიყვარს უკვე ეს პატარა ჩიტუნები......