დასრულდა პირველი სასწავლო წელი ახალ კლასთან ერთად-მოლოდინებით, სიახლეებითა და სითბოთი სავსე ერთი წელი.... დასაწყისი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე დასასრული. ერთმანეთი გავიცანით, გამოვცადეთ, შევიყვარეთ და ბოლოს თბილადაც დავემშვიდობეთ, ახალი 2018-19 სასწავლო წლის მოლოდინში...
ექსკურსიას ყველა სულმოუთქმელად ელოდა. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა: ყველაზე მთავარი ამ მიზეზთა შორის ჩემს მიერ განხორციელებული საკლასო პროექტების გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება იყო, რასაც მოსწავლეებიც, მშობლებიცა და მეც დიდი ხანია ველოდით. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სერტიფიკატებისა და მცირე საჩუქრების გადაცემა ამხელა ვნებათაღელვას გამოიწვევდა მოსწავლეებში, განსაკუთრებით გამარჯვებულთა შორის, რომელთათვისაც ბოლო წუთამდე სიურპრიზად დავტოვე საუკეთესოთა სახელები...
სიმბოლურად შევარჩიე დაჯილდოების ადგილიც, -აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი სხვიტორში. ეზოში მდგარ უზარმაზარ ქვის მაგიდას შემოუსხდნენ ჩემი პატარები და სულმოუთქმელად ელოდნენ შედეგების გამოცხადებას. ყველას დაჯილდოებას ტაშით ხვდებოდნენ, ხოლო განსაკუთრებული ოვაციებით დააჯილდოეს იაკობი, რომელმაც გაიმარჯვა კონკურსში "წიგნის ჭიები", ასევე 3 გამარჯვებული- ქეთი, ლიზი და ეთერი, "კალიგრაფიის კონკურსში 1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილების დაკავებისთვის
|
იაკობი-"წიგნის ჭიების" გამარჯვებული |
|
ქეთი-კალიგრაფიის კონკურსის
გამარჯვებული |
|
ლუკა |
|
ქეთი |
ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები, ხოლო ზემოთხსენებულ 4 მოსწავლეს სერტიფიკატებთან ერთად მცირე ფასიანი საჩუქრებიც დავურიგე, რამაც ისინი განსაკუთრებულად გაახარა. არ დამავიწყდება ეთერის დაუსრულებელი ეჭვები და შეკითხვები დაჯილდოებამდე: " მე ვერ გავიმარჯვებ, არა, მასწ?" " მე ალბათ არაფერი შემხვდება, არა?" მას ბოლომდე არ უნდოდა დაჯერება რომ ერთ-ერთი საპრიზო ადგილი დაიკავა და მისი სახელის გამოცხადებისას ჩემამდე მოსვლა ძლივას მოახერხა.
|
ძიძისეული კარმიდამო და ჩვენ |
|
სხვიტორი |
შემდეგ გავემგზავრეთ ჭიათურაში, ვნახეთ ულამაზესი მღვიმეს მონასთერი ჭიათურაში და კაცხის სვეტი, რომელსაც ერთი საათი აღფრთოვანებულები შევცქეროდით. ეს ბუმბერაზი სვეტი თითქოს ციდან ჩამოვარდნილა, მხრები თუმცა ისევ ღრუბლებისთვის შეუდგამს, ფეხებით კი მაგრად ჩამდგარა ფერდობზე, დგას ასე უძრავად, ჩუმად და ზვიადად გადმოსცქერის მხრებზე შედგმული სამონასტრო კომპლექსით შემოგარენს.
უყურებ ამ ულამაზეს ქმნილებას-ღმერთის კურთხევითა და კაცის ხელით რომ აღმართულა ქვადქცეულ ლოდზე და ფიქრობ, ჩვენ უნდა ვუპატრონოთ, მოვუაროთ, გავუფრხილდეთ და დავიცვათ ეს სილამაზე, ჩვენს პატარებს ეკუთვნის ეს ხელთუქმნელი საოცრებები და სიამაყით სავსე ეშვები დაღმართზე, რათა ახლა სხვა სილამაზით დატკბე და გაივსო.
ექსკურსიამ მშობლებთანაც დამაახლოვა, რომლებიც ჩემი გულშემატკივრები, მეგობრები და დამხმარე ადამიანები უნდა იყვნენ ჩვენი ერთად მუშაობის პროცესში. ყველა ერთმანეთზე უკეთესია და იმედი მაქვს ყოველთვის კარგ თანამშრომლობას შევინარჩუნებთ.
ჩვენი ლამაზი ექსკურსიის დღე ჭყუმპალაუბის გარეშე აბა რა იქნებოდა. ისე ცხელოდა, ისე სულის შემხუთველი ხვატი იდგა, ბევრი ხვეწნა არავის დასჭირვებია, პირველივე თხოვნაზე ყველა ერთმანეთს დავეთანხმეთ, რომ საჩხერის ერთ პატარა სოფლის განაპირას, მდინარე ჩიხურაში გაგრილებას არაფერი სჯობდა. ბავშვებმა ცოტა წაიხემსეს და მერე იმდენი იწუწავეს გაყინულ წყალშ, ვიდრე სიცივისგან ნიკაპი არ აუკანკალდათ და ტუჩებზე სილურჯე არ დაეტყოთ. მაგრამ ისეთი ბედნიერები და მხიარულები იყვნენ, მათი ცქერა არ მწყინდებოდა.
|
ჩემი ყოჩაღი მშობლები
|
გვიან ღამემდე ვიმხიარულეთ ყველამ ერთად, ბოლოს ჩემმა პატარებმა ხინკლის დაგემოვნებაც მოახერხეს და ნასიამოვნები დაბრუნდნენ სოფელში.
მომავალ შეხვედრამდე, ჩემო პატარებო. კარგ დასვენებას და ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ.