Monday, August 8, 2022

ჩვენ, ზღვა და ლურჯი ცა.....ასევე მზე და ბევრი სიხარული

 ყოველ ჯერზე, როცა სასწავლო-შემოქმედებით გასვლას ვგეგმავ კლასთან ერთად, მოჭარბებულად მაქვს სხვადასხვაგვარი განცდები: სად წავიდეთ, როგორ წავიდეთ, რა ვნახოთ, ვინ დავპატიჟოთ და რას მოგვცემს ეს ერთი ექსკურსია, მოსწავლეებს, მასწავლებელს და თანამგზავრ მშობლებს?  ყველაფერი გასათვლელი და დასათვლელია, ყველა დეტალი გასათვალისწინებელი, რომ  ჩანაფიქრი გამართლდეს და სამახსოვრო გამოვიდეს. თუმცა ამ წინასწარ  მღელვარებად ღირდა  ისევ!

თავიდან დავიწყებ და შევეცდები, ბევრი რამ  არ დამავიწყდეს. 

ჯერ იყო და დაჯავშნილი თარიღი მძღოლმა არ ჩაინიშნა და აღმოჩნდა, რომ წინასწარ შეთანხმებული თარიღი მოულოდნელად ამოფრინდა განრიგიდან. თუმცა დღე, რომელიც შემდეგ ჩავნიშნეთ, გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ის დღე, როცა პირველად უნდა გვემოგზაურა. საკმარისი რაოდენობაც მოვგროვდით-მოსწავლეთა უმრავლესობა, მშობელთა ნაწილი და მე, კლასის დამრიგებელი.

დაგეგმილმა მარშუტმა ზუსტად ისე ჩაიარა, როგორც ჩავიფიქრეთ: გორი-ცაიშის მონასტერი-ზუგდიდის დადიანების სასახლე+ულამაზესი ბოტანიკური ბაღი - და ანაკლია. ჩემი მოსწავლეების უდიუდესი ნატვრა, რომ ზღვა ენახათ, ავასრულე. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე, რომ მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს  ზღვა საერთოდ არ ქონდა ნანახი. მე დავეხმარე მათ დიდი ხნის ოცნების ასრულებაში და ეხლავე მიხარია, როცა წარმოვიდგენ, რომ მათ ეს ფაქტი არასდროს დაავიწყდებათ: პირველად კლასთან ერთად ნახეს ზღვა და აქოჩრილ  ტალღებს თამამად გაეთამაშეს.










Friday, October 9, 2020

ნანატრი ექსკურსია კორონობის ჟამს

პანდემიის საყოველთაო აფეთქების შემდეგ ყველაზე მეტად ერთამ მდგომარეობამ დააღონა მოსწავლეები და მთელი სასკოლო საზოგადოება: როგორ შვძლოთ და გავახორციელოთ თვის ყველასათვის საყვარელი აქტივობა-სასკოლო ექსკურსია? 
პასუხი ჩვენ მოვძებნეთ- ძალიან მარტივად!!! საამისოდ მხოლოდ სურვილი და ჩემი კლასივით ყოჩაღი კლასი უნდა გყავდეთ, თქმა ერთი რომაა და გაკეთება მეორე! ერთ დღეს შევთავაზე, ხომ არ წავსულლიყავით მეთქი და ერთ კვირაში უკვე ძამას ხეობისკენ მიმავალ გზას ვადექით, კომფორტული, დიდი ავტობუსით, სადაც ძალიან კარგად მოთავსდნენ მოსწავლეები მშობლებიან მასწავლებლიანად და მძღოლიც ისეთი გულის მურაზი შეგვხვდა, ყველა დიდებული ძეგლი თუ ადგილი გვაჩვენა იქაური ხეობის. 
მოკლედ, მოვიარეთ ყინწვისის მამათა მონასტერი და იქვე ქვემოთ მდებარე დედათა მონასტერი, შორიდან შევავლეთ თვალი ავაზაკის ახლადაშენებულ ტაძარს და ავედით სარკინეთის მონასტერში, რომელიც საოცრად სასწაულადაა კლდეში გამოკვეთილი; ბავშვებიც და მეც გაოცებით შევცქეროდით ულამაზეს ტაძარს, რომელსდაც გარედან ვცერაფრით შეატყობდით, რომ შიგნით დიდებულად გათლილი კედლები და გუმბათი გადმოგცქეროდა.
სიარულით და ფოტოების გადაღებით რომ მოიქანცნენ, ავტობუსშივე ცოტა წავიხემსეთ და დიდებულ სადილამდე მზოვრეთის მამათა მონასტრის გზას დავადექით. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ამხელა გზის ავლას ფეხით შევძლებდით. მთის ძირში დაყუდებულმა ტაქსის მძღოლებმა კი შემოგვთავაზეს მტვრიანი ჯიოები, მაგრამ ისეთი მშვენიერი ამინდი იყო და თან ისე ახლოს მოჩანდა ულამაზესი ციხის ქონგურები, 80 ლარიან ტაქსებზე უარიუ ვთქვით და ფეხით ავუყევით მზისგან გახურებულ მტვრიან კლდეგზას.... ვიარეთ, ვიარეთ, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, უამრავი დამამუნჯებელი ხედებით დავტკბით, ბავშვებს გზადაგზა ფოტოები გადავუღეთ და სიცხისგან პირგამშრალები სიცხისგან დანაკული ტყემლის ნაყოფებით ვისველებდით ენას.... ხან ახლოს ჩანდა დიდი ტაძარი, ხან კლდე-ღრეს ეფარებოდა და ისევ ახლოვდებოდა. ბავშებს ვამხნევებდი, რომ უფრო რთული გზების გავლა მოუწევთ ცხოვრებაში და ეს აღმართი არაფერია მასთან, თუ ერთად ვიქნებიტრ და ერთმანეტს ხელს წავაშველებთ, ადვილად გავივლით ყველა რთულ გზას და ასე შემდეგ. ისინიც ჩემი შეძახილებით გამხნევებულები ხან ერთმანეთს აშველებდნენ ხელს, წუწუნის დაფარვას ცდილობდნენ და  გახურებული გზის ნაპირზე შემთხვევით გადარჩენილი ხეების ძირში ქოშინით ისვენებდნენ... ვერცერთი  ბედავდა ეთქვა, რა ძალა გვადგაო, ჩემი ხათრით, მშობლების ხათრით, შეპირებული უალამაზესი სანახაობის ნახვის ხათრით...
როგორც იქნა მივადექით ბუმბერაზ ციხესიმაგრეს, რომლის მხოლოდ ქონგურები და ცად აზიდული კედლები ჩანდა გარედან. ჯგუფად შეკრება მოგვთხოვეს და რამდენიმე წუთში გიდი გაგვიძღვა ტაძრისკენ ამავალი კიბეებისკენ.....და ჰოი საოცრებავ.....აი სამოთხე დედამიწაზე, აი სრულყოფილი მშვენიერება საქართველოსი და სამყაროსი... ვიღას ახსოვდა დაღლა, მტვრიანი გზა, გახურებული თავი და  დაჭიმული კუნთები.... მზოვრეთის მონასტის ხედებმა ყველაფერი დაგვავიწყა. მაცოცხლებელ წყალს რამდენჯერმე მივუბრუნდით, ბოთლები ავავსეთ და გმინვანარევი სიყვარულით ვუმზერდით დიდებულ ადგილებს....
უკანა გზა ისეთი დამღლელი აღარ იყო და უცებ ჩამოვგორდით დაღმართზე, მოვძებნეთ ხეობაში ლამაზი ადგილი და დიდებული სადილი გავმართეთ. ყველაფერი ახლდა ამ დღეს, გართობა, ბანაობა, წუწაობა, წყალში ხტომა, სველი ტანსაცმელი, გაწუწული თმა და ატალახებული თეთრი ბოტასები. სამაგიეროდ უბედნიერესი ღიმილები, რომ ამ ურთულეს დროს, შუა ზაფხულში აიხდინეს პატარა ოცნება და ერთად დაათვალიერეს ჩვენი ქვეყნის ერთი პაწაწა ადგილი.






Wednesday, June 19, 2019

ექსკურსია 2019

ჩვენი სასწავლო წლის დასასრულს განხორციელდა ექსკურსია მარშუტით ახალდაბასაგურამო - ჯვრის მონასტერი - შიო მღვიმეს მონასტერი - მცხეთა - ახალდაბა

ექსკურსია საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა. განსაკუთრებით სამახსოვრო იყო ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმი საგურამოში. თავის საქმეზე საოცრად შეყვარებული გიდი შეგვხვდა, რომელმაც ისე შთამბეჭდავად აგვიხსნა ყველაფერი და გვესაუბრა დიდი გენიის ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისეულ დეტალებზე, რომ მოსწავლეებს, მეც და მშობლებსაც ტანში ჟრუანტელი გვივლიდა. მუზეუმის ეზოშივე დავაჯილდოვე მოსწავლეები ტრადიციულად საკლასო კონკურსებში მონაწილეობისა და გამარჯვებისთვის. "წიგნის ჭიების" გამარჯვებული ლიზი ყულიაშვილია, ხოლო დედის დღისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსის გამარჯვებული - დავით სეხნიაშვილი, რომლისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა ნომინაციის ლიდერობა.

უამრავი ფოტო გადავიღეთ ჯვრის მონასტერში, ასევე შიო მღვიმესა და მცხეთაში, სადაც სვეტიცხოველში დაბრძანებულია წმ.მამა გაბრიელის უხრწნელი სხეული.

ამინდი ზუსტად საექსკურსიო გვქონდა. გრილი, ღრუბლიანი, მგზავრობისას ოდნავ წამოწვიმა და წვიმაში იცეკვეს კიდეც ჩემმა ონავრებმა.

გაიზარდნენ რა თქმა უნდა შარშანდელ ექსკურსიასთან შედარებით და ეს ფოტოებშიც კარგადჩანს, გაისად ეჭვი მაქვს უმრავლესობა სიმაღლეში გამეჯიბრება კიდეც 👏

მომავალ ექსკურსიამდე მშვიდობით დავემშვიდობეთ ერთმანეთს.....

Wednesday, May 8, 2019

მზადება სპექტაკლისთვის

ვემზადებით სპექტაკლისთვის:  "კურდღელი ჰანსი და  მზესუმზირები-ანუ ყველა სხვადასხვაა" -Hans Hase und Sonnenblumen-oder Jeder ist anders.

სიუჟეტი და ძირითადი სცენარი ავიღეთ ციკლიდან გერმანული კურდღელ ჰანსთან ერთად, რომელიც გოეთეს ინსტიტუტმა მაჩუქა გერმანიაში სემინარებზე ყოფნის დროს, ხოლო სცენარის ნაწილი იმპროვიზებულია, ასევე მოიცავს პატარა სიუჟეტებს ზღაპრებიდან.
სპექტაკლში მონაწილეობენ მე-7 კლასელებიც, რომლებიც მუსიკალურ გაფორმებაში გვეხმარებიან და ე.წ. ბექების მოვალეობას ასრულებენ.

ვნახოთ რა გამოვა, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. სპექტაკლის პრეზენტაცია დაგეგმილია ივნისის პირველ კვირაში. შედეგები იხილეთ  ჩანართში ღონისძიებები,

Saturday, November 3, 2018

ექსპერიმენტორიუმი-პირველი ვიზიტი მეცნიერების სამყაროში

ჩემმა პატარებმა 26 ოქტომბერს "ექსპერიმენტორიუმი" დალაშქრეს და უამრავი ლამაზი შთაბეჭდილება წამოიღეს თან. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში აღფრთოვანებულები დაჰყვებოდნენ გიდს მუზეუმში და გაოცებული სახეებით აკვირდებოდნენ მეცნიერული აღმოჩენების დიდებულ  გამოფენას. ბოლოს კი მათი თანამონაწილეობით აზოტის შოუც ნახეს. იმედი მაქვს ეს დიდებული შეხვედრა მეცნიერებასთან სამუდამოდ დაამახსოვრდებათ და უფრო მეტი ენთუზიაზმით დაელოდებიან სკოლაში ამ საგნების შესწავლას.



Saturday, July 7, 2018

ექსკურსია მარშუტით-ახალდაბა-საჩხერე-ჭიათურა-ახალდაბა

    დასრულდა პირველი სასწავლო წელი ახალ კლასთან ერთად-მოლოდინებით, სიახლეებითა და სითბოთი სავსე ერთი წელი.... დასაწყისი გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე დასასრული. ერთმანეთი გავიცანით, გამოვცადეთ, შევიყვარეთ და ბოლოს თბილადაც დავემშვიდობეთ, ახალი 2018-19 სასწავლო წლის მოლოდინში...
    ექსკურსიას ყველა სულმოუთქმელად ელოდა. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა: ყველაზე მთავარი ამ მიზეზთა შორის ჩემს მიერ განხორციელებული საკლასო პროექტების გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება იყო, რასაც მოსწავლეებიც, მშობლებიცა და მეც დიდი ხანია ველოდით. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სერტიფიკატებისა და მცირე საჩუქრების გადაცემა ამხელა ვნებათაღელვას გამოიწვევდა მოსწავლეებში, განსაკუთრებით გამარჯვებულთა შორის, რომელთათვისაც ბოლო წუთამდე სიურპრიზად დავტოვე საუკეთესოთა სახელები...
    სიმბოლურად შევარჩიე დაჯილდოების ადგილიც, -აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი სხვიტორში. ეზოში მდგარ უზარმაზარ ქვის მაგიდას შემოუსხდნენ ჩემი პატარები და სულმოუთქმელად ელოდნენ შედეგების გამოცხადებას. ყველას დაჯილდოებას ტაშით ხვდებოდნენ, ხოლო განსაკუთრებული ოვაციებით დააჯილდოეს  იაკობი, რომელმაც გაიმარჯვა კონკურსში "წიგნის ჭიები", ასევე 3 გამარჯვებული- ქეთი, ლიზი და ეთერი, "კალიგრაფიის კონკურსში 1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილების დაკავებისთვის
იაკობი-"წიგნის ჭიების" გამარჯვებული

ქეთი-კალიგრაფიის კონკურსის
გამარჯვებული

ლუკა

ქეთი
 ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები, ხოლო ზემოთხსენებულ 4 მოსწავლეს სერტიფიკატებთან ერთად მცირე ფასიანი საჩუქრებიც დავურიგე, რამაც ისინი განსაკუთრებულად გაახარა. არ დამავიწყდება ეთერის დაუსრულებელი ეჭვები და შეკითხვები დაჯილდოებამდე: " მე ვერ გავიმარჯვებ, არა, მასწ?" " მე ალბათ არაფერი შემხვდება, არა?" მას ბოლომდე არ უნდოდა დაჯერება რომ ერთ-ერთი საპრიზო ადგილი დაიკავა და მისი სახელის გამოცხადებისას ჩემამდე მოსვლა  ძლივას მოახერხა.
ძიძისეული კარმიდამო და ჩვენ

სხვიტორი
    შემდეგ გავემგზავრეთ ჭიათურაში, ვნახეთ ულამაზესი მღვიმეს მონასთერი ჭიათურაში და კაცხის სვეტი, რომელსაც ერთი საათი აღფრთოვანებულები შევცქეროდით. ეს ბუმბერაზი სვეტი თითქოს ციდან ჩამოვარდნილა, მხრები თუმცა ისევ ღრუბლებისთვის შეუდგამს, ფეხებით კი მაგრად ჩამდგარა ფერდობზე, დგას ასე უძრავად, ჩუმად და ზვიადად გადმოსცქერის მხრებზე შედგმული სამონასტრო კომპლექსით შემოგარენს.


 უყურებ ამ ულამაზეს ქმნილებას-ღმერთის კურთხევითა  და კაცის ხელით რომ აღმართულა ქვადქცეულ ლოდზე და ფიქრობ, ჩვენ უნდა ვუპატრონოთ, მოვუაროთ, გავუფრხილდეთ და დავიცვათ ეს სილამაზე, ჩვენს პატარებს ეკუთვნის ეს ხელთუქმნელი საოცრებები  და სიამაყით სავსე ეშვები დაღმართზე, რათა ახლა სხვა სილამაზით დატკბე და  გაივსო.
   
ექსკურსიამ მშობლებთანაც დამაახლოვა, რომლებიც ჩემი გულშემატკივრები, მეგობრები და დამხმარე ადამიანები უნდა იყვნენ ჩვენი ერთად მუშაობის პროცესში. ყველა ერთმანეთზე უკეთესია და იმედი მაქვს ყოველთვის კარგ თანამშრომლობას შევინარჩუნებთ.
ჭიათურა, მღვიმის მონასტერთან


   
ჩვენი ლამაზი ექსკურსიის დღე ჭყუმპალაუბის გარეშე აბა რა იქნებოდა. ისე ცხელოდა, ისე სულის შემხუთველი ხვატი იდგა, ბევრი ხვეწნა არავის დასჭირვებია, პირველივე თხოვნაზე ყველა ერთმანეთს დავეთანხმეთ, რომ საჩხერის ერთ პატარა სოფლის განაპირას, მდინარე ჩიხურაში გაგრილებას არაფერი სჯობდა. ბავშვებმა ცოტა წაიხემსეს და მერე იმდენი იწუწავეს გაყინულ წყალშ, ვიდრე სიცივისგან ნიკაპი არ აუკანკალდათ და ტუჩებზე სილურჯე არ დაეტყოთ. მაგრამ ისეთი ბედნიერები და მხიარულები იყვნენ, მათი ცქერა არ მწყინდებოდა.





ჩემი ყოჩაღი მშობლები

გვიან ღამემდე ვიმხიარულეთ ყველამ ერთად, ბოლოს ჩემმა პატარებმა ხინკლის დაგემოვნებაც მოახერხეს და ნასიამოვნები დაბრუნდნენ სოფელში.
მომავალ შეხვედრამდე, ჩემო პატარებო. კარგ დასვენებას და ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ. 

Monday, October 2, 2017

კვლავ პატარების გარემოცვაში......

      რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ ჩამაბარეს კლასი....მე-5 კლასი, ახალდაბის საჯარო სკოლაში.
      ბევრჯერ მითქვამს, რომ მასწავლებლობამ აზარტული თამაშივით ჩათრევა იცის, თუმცა ალბათ ყველა პროფესიის ადამიანი ასე იტყოდა საყვარელი საქმის შესახებ...და მაინც, მგონია, რომ მასწავლებელი ვერ სუნთქავს, ვერ ფიქრობს, ვერ ისვენებს თავისუფალ დროს ისე, რომ არ იფიქროს ხვალინდელ  გუშინდელ შემთხვევაზე სკოლაში, დღევანდელ  გულწრფელ  ღიმილზე,კიბეზე ასულს მოსწავლემ რომ შემოაგება დილაუთენია ან ხვალინდელ გაკვეთილზე, მშობელთა კრებასა თუ ღია გაკვეთილზე. საფიქრალს რა გამოლევს, და ყოველ ჯერზე ეს გაუთავებელი ალიაქოთი წყალივით გწყურია. თვალნათლივ გრძნობ,რომ საკლასო ოთახში შესვლისთანავე სადღაც დერეფანში რჩება ცხოვრებისეული ტკივილი,წყენა, დარდი და თითქოს ახალი ადამიანი შედიხარ კლასში, რომელსაც უკიდეგანო ზღვა გიხმობს სხვა ემოციებით, შეკითხვითა და ინტერესით სავსე თვალებით....
    მოკლედ ჩემი ახალი კლასი სულ 15 მოსწავლისაა. დიდი მონდომებით შევეცადე რამე განსხვავებული დამეხვედრებინა მათთვის ახალ კლასში,ახალ სართულზე, ახალი მასწავლებლების მოლოდინში....პირველივე შეხვედრაზე მომხიბლეს თავისი მრავალფეროვნებით, როგორც ყველა სხვა კლასში ხდება ხოლმე, მაგრამ ესენი ჩემები არიან, მათ უკვე ჩემები ქვიათ ალბათ მომდევნო რამდენიმე წელი და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის, ვიშრომებთ, ვისწავლით და გავიზრდებით ერთად....
    მიყვარს უკვე ეს პატარა ჩიტუნები......