Friday, October 9, 2020

ნანატრი ექსკურსია კორონობის ჟამს

პანდემიის საყოველთაო აფეთქების შემდეგ ყველაზე მეტად ერთამ მდგომარეობამ დააღონა მოსწავლეები და მთელი სასკოლო საზოგადოება: როგორ შვძლოთ და გავახორციელოთ თვის ყველასათვის საყვარელი აქტივობა-სასკოლო ექსკურსია? 
პასუხი ჩვენ მოვძებნეთ- ძალიან მარტივად!!! საამისოდ მხოლოდ სურვილი და ჩემი კლასივით ყოჩაღი კლასი უნდა გყავდეთ, თქმა ერთი რომაა და გაკეთება მეორე! ერთ დღეს შევთავაზე, ხომ არ წავსულლიყავით მეთქი და ერთ კვირაში უკვე ძამას ხეობისკენ მიმავალ გზას ვადექით, კომფორტული, დიდი ავტობუსით, სადაც ძალიან კარგად მოთავსდნენ მოსწავლეები მშობლებიან მასწავლებლიანად და მძღოლიც ისეთი გულის მურაზი შეგვხვდა, ყველა დიდებული ძეგლი თუ ადგილი გვაჩვენა იქაური ხეობის. 
მოკლედ, მოვიარეთ ყინწვისის მამათა მონასტერი და იქვე ქვემოთ მდებარე დედათა მონასტერი, შორიდან შევავლეთ თვალი ავაზაკის ახლადაშენებულ ტაძარს და ავედით სარკინეთის მონასტერში, რომელიც საოცრად სასწაულადაა კლდეში გამოკვეთილი; ბავშვებიც და მეც გაოცებით შევცქეროდით ულამაზეს ტაძარს, რომელსდაც გარედან ვცერაფრით შეატყობდით, რომ შიგნით დიდებულად გათლილი კედლები და გუმბათი გადმოგცქეროდა.
სიარულით და ფოტოების გადაღებით რომ მოიქანცნენ, ავტობუსშივე ცოტა წავიხემსეთ და დიდებულ სადილამდე მზოვრეთის მამათა მონასტრის გზას დავადექით. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ამხელა გზის ავლას ფეხით შევძლებდით. მთის ძირში დაყუდებულმა ტაქსის მძღოლებმა კი შემოგვთავაზეს მტვრიანი ჯიოები, მაგრამ ისეთი მშვენიერი ამინდი იყო და თან ისე ახლოს მოჩანდა ულამაზესი ციხის ქონგურები, 80 ლარიან ტაქსებზე უარიუ ვთქვით და ფეხით ავუყევით მზისგან გახურებულ მტვრიან კლდეგზას.... ვიარეთ, ვიარეთ, ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, უამრავი დამამუნჯებელი ხედებით დავტკბით, ბავშვებს გზადაგზა ფოტოები გადავუღეთ და სიცხისგან პირგამშრალები სიცხისგან დანაკული ტყემლის ნაყოფებით ვისველებდით ენას.... ხან ახლოს ჩანდა დიდი ტაძარი, ხან კლდე-ღრეს ეფარებოდა და ისევ ახლოვდებოდა. ბავშებს ვამხნევებდი, რომ უფრო რთული გზების გავლა მოუწევთ ცხოვრებაში და ეს აღმართი არაფერია მასთან, თუ ერთად ვიქნებიტრ და ერთმანეტს ხელს წავაშველებთ, ადვილად გავივლით ყველა რთულ გზას და ასე შემდეგ. ისინიც ჩემი შეძახილებით გამხნევებულები ხან ერთმანეთს აშველებდნენ ხელს, წუწუნის დაფარვას ცდილობდნენ და  გახურებული გზის ნაპირზე შემთხვევით გადარჩენილი ხეების ძირში ქოშინით ისვენებდნენ... ვერცერთი  ბედავდა ეთქვა, რა ძალა გვადგაო, ჩემი ხათრით, მშობლების ხათრით, შეპირებული უალამაზესი სანახაობის ნახვის ხათრით...
როგორც იქნა მივადექით ბუმბერაზ ციხესიმაგრეს, რომლის მხოლოდ ქონგურები და ცად აზიდული კედლები ჩანდა გარედან. ჯგუფად შეკრება მოგვთხოვეს და რამდენიმე წუთში გიდი გაგვიძღვა ტაძრისკენ ამავალი კიბეებისკენ.....და ჰოი საოცრებავ.....აი სამოთხე დედამიწაზე, აი სრულყოფილი მშვენიერება საქართველოსი და სამყაროსი... ვიღას ახსოვდა დაღლა, მტვრიანი გზა, გახურებული თავი და  დაჭიმული კუნთები.... მზოვრეთის მონასტის ხედებმა ყველაფერი დაგვავიწყა. მაცოცხლებელ წყალს რამდენჯერმე მივუბრუნდით, ბოთლები ავავსეთ და გმინვანარევი სიყვარულით ვუმზერდით დიდებულ ადგილებს....
უკანა გზა ისეთი დამღლელი აღარ იყო და უცებ ჩამოვგორდით დაღმართზე, მოვძებნეთ ხეობაში ლამაზი ადგილი და დიდებული სადილი გავმართეთ. ყველაფერი ახლდა ამ დღეს, გართობა, ბანაობა, წუწაობა, წყალში ხტომა, სველი ტანსაცმელი, გაწუწული თმა და ატალახებული თეთრი ბოტასები. სამაგიეროდ უბედნიერესი ღიმილები, რომ ამ ურთულეს დროს, შუა ზაფხულში აიხდინეს პატარა ოცნება და ერთად დაათვალიერეს ჩვენი ქვეყნის ერთი პაწაწა ადგილი.






No comments:

Post a Comment