Monday, October 6, 2014

მონატრება....

      სექტემბრის თვეში ჩემი პატარა ჩიტუნების დატოვება მომიწია და მე მათი კლასის ხელმძღვანელი აღარ ვარ. ძალიან დამწყდა გული, მაგრამ ისინი ჯერ ძალიან პატარები და დაუცველები არიან. მე კი საკმარისი დრო აღარ დამრჩა, რომ მათი კლასის ხელმძღვანელობა შემძლებოდა.... დროის უკმარისობის გამო, რადგან სხვა სკოლაშჳც ვარ დატვირთული....
      არა უშავს. ჩემ პატარებს მაინც ხშირად ვხედავ, როცა გიმნაზიაში მივდივარ  გერმანულის ჩასატარებლად. შემომეხვევიან ხოლმე ჩემი პატარები და წასვლის საშუალებას აღარ მაძლევენ. რამდენიმე დღის წინ ელენემ გულაჩუყებულმა მკითხა: "ანა  მასწავლებელო როდის დაგვიბრუნდებით, ძალიან მენატრებით." მეც გული ამჩუყდა, მაგრამ დავამშვიდე, ხომ ხშირად გნახულობთ და არა უშავს, თუ  მუდამ თქვენთან არ ვიქნები მეთქი. მოკლედ ვეგუები ნელ-ნელა მათ გარეშე ცხოვრებას.... :-(

Monday, June 16, 2014

ექსკურსია მარშუტით გორი-უფლისციხე-ატენი-გორი

   2014 წლის 15 ივნისს მოეწყო სასწავლო ექსკურსია მარშუტით გორი-უფლისციხე-ატენი-გორი. თავდაპირველად დაგეგმილი გვქონდა  ვარიანში ი.გოგებაშვილის სახლმუძეუმში ვიზიტი, თუმცა მუზეუმში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო მარშუტის შეცვლა მოგვიწია, რასაც ჩვენი განწყობა არ შეუცვლია. :-)
სამახსოვრო ფოტო ატენის სიონში
ილია, შიო, მირიანი და მარიამი
უფლისციხეში

გამოქვაბულში
 დილითვე  ვესტუმრეთ უფლისციხეს. წლებია ამ ქვის ქალაქში არ ვყოფილვარ და სასიამოვნოდ აღფრთოვანებული დავრჩი ქალაქ მუზეუმის ორგანიზაციული გამართულობით.



    თავდაპირველად მოვთავსდით დარბაზში, სადაც გვაჩვენეს დოკუმენტური ფილმი უფლისციხის შესახებ. რა თქმა უნდა პატარებისთვის სრულად  გასაგები ვერ იქნებოდა ისტორიული ექსკურსი  ძველ ქალაქში, მაგრამ ისე მოეწონათ დოკუმენტურ ფილმში ჩართული ანიმაციური  სიუჟეტები, რომ დაინტერესდნენ ახლაც ხომ არ ცხოვრობენ  უფლისციხეში ის რაინდები და მოქალაქეები, ფილმში რომ ვნახეთო.
მარი, ლაზარე და ელენა

ანდრია მონიტორთან უფლისციხეში
გაბუტული თამთა მასწავლებელთან
  ფილმის შემდეგ შევუდექით ქალაქ მუზეუმის ქვიან გზას და თითქმის 2 საათი ისმოდა ჩემი თუ მშობლების მითითებები: ხელი მოკიდე დედას, არ ჩამორჩე მასწავლებელს, ამ ბილიკზე არ გაიარო, ფრთხილად ჩამოხტი, დადექი სურათი გადაგიღო და ა.შ. მოკლედ ძალიან იხალისეს ბავშვებმა, მაგრამ კარგადაც დაიქანცნენ. ამინდმაც ხელი შეგვიწყო და ყველა ცივ წყალსა და ნაყინს ითხოვდა უკან ჩამოსვლისას.
უფლისციხე
    უფლისციხის შემდეგ ატენში წავედით. დედათა მონასტერი მოვილოცეთ, ვნახეთ ახლახან გარდაცვლილი გიმნაზიის თანამშრომლის დედა ნინოს საფლავი და სიონისკენ გავემართეთ. ეს უძველესი, გიგანტური კომპლექსი ჯერ კიდევ რესტავრაციის პროცესშია. ტაძარში სანთლები დავანთეთ, გარეთ ფოტოები გადავიღეთ და სასადილო ადგილის ძებნას შევუდექით. ერთ დაბლობზე, მდინარე ტანას ნაპირზე დავბანაკდით და საღამომდე რა აღარ ითამშეს ბავშვებმა თუ მშობლებმა: წრეში ბურთი, ბადმინტონი, შეეჯიბრნენ სირბილში, იჭყუმპალეს წყალში და ითევზავეს კიდეც. რითი? პოლიეთილენის ბოთლებს მოაბეს წვრილღერიანი ბალახის ღეროები და წყალში აგდებდნენ. ზოგმა ბოთლი დაკარგა ( ვწუხვარ, ამით ხომ გარემო დავაბინძურეთ)  და მერე ტაქტიკა თავდვე შეცვალეს (ელენამ მოიფიქრა და დააპატენტა კიდეც გამონაგონი. ანკესებს მარტო მე ვაკეთებ და სხვები არ შემეცილოთო-გამოაცხადა), ბალახის მაგიერ ცელოფნის პარკებზე დაამაგრეს ბოთლები და ახლა აღარ წყდებოდა "თოკები".
მეთევზეები ტანაზე

    კიდევ ერთი მნიშნელოვანი აქცია გვქონდა დღეს: მოსწავლეთა დაჯილდოვების ცერემონია. მოსწავლეებს წინასწარ გავუმზადე პორტფოლიოები, რომლებსაც მთელი წლის მანძილზე ავსებდნენ საკლასო თუ სკოლისგარეშე აქტივობებით.ესენია ყველა საგნის  სხვადასხვა მასალა:ნახატები, ტესტური სამუშაოები, აპლიკაციები, ფოტოები და ა.შ. ყველა მოსწავლეს გადავეცი საზეიმო ატმოსფეროში პორტფოლიოები,ასევე სიგელები, სადაც ჩამოთვლილი იყო მათი წარმატებები წლის მანძილზე.მართალია  სამინისტრო გვირჩევს რომ მოსწავლეები არ გავანებივროთ  მსგავსი დოკუმენტებით, მაგრამ ვთვლი, რომ წელიწადში ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც პირველკლასელებისთვის წახალისების ასეთი ფორმა. ნეტავ გენახათ მათი აღტაცებული და ამაყი სახეები, როცა სიგელებსა და აქტივობების ამსახველ მასალას მშობლებს აჩვენებდნენ.
მარიამი პორტფოლიოს მოლოდინში

    გამიჭირდა მათი წამოყვანა. ავტობუსში ჩასხდომისას მეგონა ისევ ისეთ ხალისზე იყვნენ, როგორც დილით, მაგრამ ათიოდე წუთის შემდეგ დაწყნარდნენ და მივხვდი, რომ სახლში მისვლისას  ძილის მეტი არაფერი ენდომებოდათ.
   ......კმაყოფილი ვარ დღით.....ექსკურსია ძალიან კარგი საშუალებაა  მოსწავლეების, მშობლებისა  და მასწავლებლის დასაახლოვებლად და დასამეგობრებლად. ეს კი ხელს უწყობს მათ სამომავლო თანამშრომლობასა და ურთიერთობას.

Thursday, June 5, 2014

ღონისძიება-პროექტი "ანბანის ზეიმი"

       4 ივნისს ჩატარდა ღონისძიება "ანბანის გაცილება". მოსწავლეები მშობლებისა  და დამსწრე  საზოგადოების წინაშე წარსდგნენ წინასწარ მომზადებული მასალით. ღონისძიება დაიწყო დედაენის შესახებ ლექსებით, შემდეგ გაგრძელდა ანბანის ასოებზე შექმნილი კოლაჟით. პროექტის შემადგენელ ნაწილი იყო ასევე ინგლისურ ენაზე მომზადებული დამატება, რომელიც  შედგებოდა ინგლისური ლექსების, სიმღერებისა და მინიდიალოგებისგან. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა მიიღეს სამახსოვრო ალბომები, რომლებიც სიურპრიზი აყო მათთვის, რამაც უფრო მეტად გაახალისა პირველკლასელების ღონისძიება.
ილია და  შიო ინგლისური ლექსით

ღონისძიების ბოლო ალბომებით
რა თქმა უნდა ამ ღონისძიებაშიც მოხდა გაუთვალისწინებელი  შემთხვევა, რამაც  ცოტა შემაშინა და რამდენიმე წუთით დამაბნია კიდეც. ინგლისური მონაკვეთის დაწყებისას გიმნაზიას შეუწყდა ელექტრო ენერგია და რამდენიმე წუთით დარბაზი ჩაბნელდა. შევეცადე განმემუხტა სიტუაცია და გამემხნევებინა მოსწავლეები, მაგრამ სინათლე არ ჩანდა და იძულებული გავხდი რაღაც მეღონა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ თინას-ჩვენი გიმნაზიის დირექტორის მოადგილეს, რომელმაც სწრაფად გადაწია დარბაზის ფარდები, რომ დღის სინათლეს შემოეღწია სივრცეში  და მირჩია მუსიკალური და ტექნიკური გაფორმების გარეშე გამეგრძელებინა ღონისძიება. ეს კი მოხერხდა, მაგრამ სამწუხაროდ  მოსწავლეებმა ფონოგრამის გარეშე იმღერეს.

სამახსოვრო ფოტო 
ღონისძიების დამთავრებამდე  5 წუთით ადრე ისევ ჩაირთო სინათლე. უკეთესი იქნებოდა ისევ გვემღერა იგივე სიმღერები ფონოგრამით  და კედელზე მეჩვენებინა დაგვიანებული სლაიდ-შოუ, თუმცა მოფიქრება არ გინდა? ისე ვიყავი აღელვებული, ვეღარ მოვიფიქრე მსგავსი რამ.

მირიანი
ილია და შიო ალბომის 1 -ლი გვერდიდან


მე და მირიანი
     
    მაინც ბედნიერი ვიყავი მეც და ბავშვებიც. მათ რომ სცენაზე ვუყურებდი, ვხვდებოდი-როგორ გაზრდილან, როგორ ლამაზად ეჭირათ თავი პირველ დიდ სცენაზე, როგორ ჟღურტულებდნენ  ალბომების თვალიერებისას და თვალებგაბრწყინებულები მოხტუნავდნენ ჩემსკენ ფოტოების გადასაღებად. მართლა გაიზარდნენ ჩემი პატარა ჩიტები ამ ერთ წელიწადში და მიხარია, თუკი მათი ხასიათის ერთი პატარა დეტალის გამოძერწვაში მაინც მივიღე მონაწილეობა.

Wednesday, May 14, 2014

ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და ინგლისურ ენაში

       დღეს 14 მაისს ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა (მასწავლებელი მაია ბუხრაძე) და ინგლისურ ენაში (მასწავლებელი ანნა შატაკიშვილი). გაკვეთილის თემა იყო "გეომეტრიული ფიგურები და 10 გავლით გამოკლების ხერხები". მოსწავლეებმა  შეძლეს  დაეთვალათ ათამდე ინგლისურად, დაესახელებინათ საგანთა რაოდენობა და ფერები ინგლისურად, ეანგარიშათ ზეპირად და წერილობით   10 ზე გავლის ხერხების გამოყენებით. ჯგუფური სამუშაოს დავალება იყო გეომეტრიულ ფიგურებში ჩაწერილი მაგალითების გამოყენებით მათი გაფერადება და ფერების დასახელება პრეზენტაციისას ინგლისურად.
ჯგუფური სამუშაო
       გაკვეთილის დასაწყისი საკმაოდ მშვიდი და ნაყოფიერი გამოდგა, თუმცა ჯგუფურ მუშაობას თან ახლდა ცოტა ხმაური, რის გამოც ერთმა ჯგუფმა წითელი ალამი დაიმსახურა გაფრთხილების ნიშნად. თუმცა შედეგი მიღწეული იქნა და აქტივობის  ბოლოს ჯგუფებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს ნამუშევრები.
ჯგუფური სამუშაო
       მეტი მოტივაციისთვის მოსწავლეებს თავიდანვე განემარტათ, რომ  საუკეთესოდ მოაზროვნე, ყველაზე სწრაფი და ყველაზე მოწესრიგებული მოსწავლეები მიიღებდნენ ჯილდოდ წარმატების წიგნაკს. შეფასების ეს ფორმა საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის, რაც სამომავლოდ მეტი მუშაობის სურვილს გაუჩენს მათ.
 

თათია პრეზენტაციისას
 P.S.არ დაგავიწყდეთ!  ეს პირველი კლასია და ამ წლის მანძილზე ეს მეორე წარმატებული მცდელობა იყო ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებისა, იმედია გაისად უფრო მობილიზებულები   და   მოწესრიგებულები შევხვდებით ასეთ გაკვეთილებს.



მირიანი პრეზენტაციისას

სწრაფად მოაზროვნე
ყველაზე წარმატებული

ყველაზე მოწესრიგებული

Friday, May 2, 2014

კალიგრაფიის კონკურსი

       აპრილის თვეში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი ღირსი  მამა  გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში. კონკურსში პირველკლასელმა მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა და თავი  გამოიჩინეს  პირველი საჯარო  მონაწილეობით.
კალიგრაფიის კუთხე
თათია მაყიშვილი
       კალიგრაფიის კონკურსში მონაწილე მოსწავლეებიდან დაწყებითი საფეხურის გამარჯვებულებს შორის აღმოჩნდნენ  მირიან სარსევანიძე  და თათია მაყიშვილი, რომელთა ნამუშევრები საჯარო ადგილას გამოიფინა სკოლაში, ხოლო დანარჩენი მონაწილეების ნამუშევრები კლასში  განთავსდა საპატიო კალიგრაფიის კუთხეში.


კლასის კალიგრაფიის კუთხე


Monday, March 24, 2014

ინტეგრირებული გაკვეთილი

24 მარტს ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე "ჩვენი ზოოპარკი".ინტეგრირებული საგნები:ბუნებისმეტყველება-პედ.ია ჯალალი, ინგლისური ენა-პედ.ანნა შატაკიშვილი,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება-პედ.მედეა აწკარუნაშვილი. მოსწავლეებმა შეძლეს ამოეცნოთ და დაესახელებინათ ზოოპარკში მობინადრე ცხოველები სხვადასხვა გარეგნული თვისებების მიხედვით (ბუნ.1.2),შეძლეს დაესახელებინათ და დაეწერათ მარტივი წინადადებებით რა ჰქვია, რა ფერია და როგორი ზომისაა ცხოველი(უცხ.დ.1.7,დ.1.10,დ.1.13.), შეძლეს დაეხატათ და წარმოედგინათ საკუთარი ჩანაფიქრი ნამუშევრებში(ს.გ.1.1.,1.2., 1.3.,1.4.,1.6.).ბოლოს ჯგუფის ლიდერებმა წარმოადგინეს ნამუშევრები.გაკვეთილის დასასრულს მოსწავლეებმა ზეპირად შეაფასეს საკუთარი თავი და თანაკლასელები. საინტერესო და სახალისო იყო მოსწავლეთა კომენტარები ჯგუფში მუშაობასთან დაკავშირებით,რაც ყოველთვის სასიამოვნო გასხსენებელი იქნება არა მარტო მოსწავლეებისთვის,არამედ მასწავლებლებისთვისაც.





Monday, March 3, 2014

ღია გაკვეთილი ქართულში

      დღეს წმ.დიდმოწამე ქეთევან დედოფლის 1-ელ კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი ქართულში (პედაგოგი თინათინ ალავიძე).გაკვეთილის თემა იყო დედის დღე. გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორიე მოადგილე მანანა კაკაურიძე, კლასის დამრიგებელი ანნაშატაკიშვილი, ხელოვნების მასწავლებელი მედეა აწკარუნაშვილი და ყველა მოსწავლის მშობელი. მრავალფეროვან აქტივობებთან ერთად ერთი აქტივობა მშობელთა ჩართულობასაც მოითხოვდა:მათ ჯგუფებში შექმნეს ორი თვალსაჩინოება, სადაც დახატეს სანთელი და თავის შვილებს  კეთილი სურვილები დაუწერეს. გაკვეთილმა სასიამოვნო და საინტერესო ატმოსფეროში ჩიარა. ამ წუთებმა უფრო მეტად დააახლოვა მშობლები სკოლასთან, მასწავლებლებთან და ერთმანეთთან, რაც აუცილებელი და საჭირო პირობაა მომავალი ურთიერთობებისთვის.

   

Friday, February 28, 2014

პირველი ღია გაკვეთილი

         რამდენიმე ხანია, რაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თინათინ ალავიძემ 1-ელ კლასში დაგეგმა ღია გაკვეთილი დედის დღის  შესახებ. მოსწავლეებმა ისწავლეს ლექსები დედიკოებისა  და გაზაფხულის შესახებ და დიდი ინტერესით ელოდებიან 4 მარტს, ღია გაკვეთილის დღეს.
         კლასიც საზეიმოდ მოვრთეთ: ყველა კედელს ამშვენებს ფერად-ფერადი ყვავილები, გულები   და ბუშტები. ძირითადი აქტივობები დაგეგმილია. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაივლის და სტუმრებიც კმაყოფილები დარჩებიან ჩვენი პირველი ღია გაკვეთილით, მით უფრო, რომ ერთ- ერთ აქტივობაში მშობლებიც იღებენ მონაწილეობას.
        და კიდევ: გაკვეთილის ბოლოს პროექტორით ვაჩვენებთ ფილმს წმ.დიდმოწამე  ქეთევან დედოფლის სახელობის 1-ლი კლასის შესახებ, რომლის ბოლო ნაწილში ყველა ქალბატონს მივულოცავთ გაზაფხულის დადგომას და დედის დღეს.
       მეც მოუთმენლად ველოდები დღეს, როცა ჩემი  ცელქი პატარები თავს გამოიჩენენ ნასწავლით. :-)

Friday, January 3, 2014

საშობაო სპექტაკლი "რატომ არის თოვლი თეთრი?"

2013 წლის დეკემბერში  გაიმართა  ჩვენება სპექტაკლისა "ტარომ არის თოვლი თეთრი".სპექტაკლი არის ერთმოქმედებიანი და საკმაოდ სახალისო. შინაარსი შემდეგია: თოვლს არ აქვს ფერი და მიდის ფერის საშოვნელად. ფერს სთხოვს სხვადასხვა ყვავილს: იას, ტიტას, მიხაკს, ვარდს, ბალახებს, მაგრამ არცერთი ყვავილი მას ფერს არ აძლევს. ყველა ეუბნება, რომ საახალწლო ზეიმზე მიდის და ფერი თავად სჭირდება. ბოლოს თოვლი ბუჩქის ძირას ხედავს პატარა ენძელას, რომელიც თავად სთავაზობს თოვლს ფერის განაწილებას. ასე, რომ თოვლს ენძელა აძლევს  ფერს და ისინი ერთად მიდიან საახალწლო ზეიმზე, სადაც თოვლის ბაბუა გადასცემს საჩუქრებს.
         საოცრად ითამაშეს ბავშვებმა. როლები ისე კარგად მოირგეს, ნამდვილი მსახიობები გეგონებოდათ. რამდენიმე საახალწლო სიმღერაც შემოგვთავაზეს და თავი საინტერესოდ წარმოგვიდგინეს.