Monday, June 16, 2014

ექსკურსია მარშუტით გორი-უფლისციხე-ატენი-გორი

   2014 წლის 15 ივნისს მოეწყო სასწავლო ექსკურსია მარშუტით გორი-უფლისციხე-ატენი-გორი. თავდაპირველად დაგეგმილი გვქონდა  ვარიანში ი.გოგებაშვილის სახლმუძეუმში ვიზიტი, თუმცა მუზეუმში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო მარშუტის შეცვლა მოგვიწია, რასაც ჩვენი განწყობა არ შეუცვლია. :-)
სამახსოვრო ფოტო ატენის სიონში
ილია, შიო, მირიანი და მარიამი
უფლისციხეში

გამოქვაბულში
 დილითვე  ვესტუმრეთ უფლისციხეს. წლებია ამ ქვის ქალაქში არ ვყოფილვარ და სასიამოვნოდ აღფრთოვანებული დავრჩი ქალაქ მუზეუმის ორგანიზაციული გამართულობით.



    თავდაპირველად მოვთავსდით დარბაზში, სადაც გვაჩვენეს დოკუმენტური ფილმი უფლისციხის შესახებ. რა თქმა უნდა პატარებისთვის სრულად  გასაგები ვერ იქნებოდა ისტორიული ექსკურსი  ძველ ქალაქში, მაგრამ ისე მოეწონათ დოკუმენტურ ფილმში ჩართული ანიმაციური  სიუჟეტები, რომ დაინტერესდნენ ახლაც ხომ არ ცხოვრობენ  უფლისციხეში ის რაინდები და მოქალაქეები, ფილმში რომ ვნახეთო.
მარი, ლაზარე და ელენა

ანდრია მონიტორთან უფლისციხეში
გაბუტული თამთა მასწავლებელთან
  ფილმის შემდეგ შევუდექით ქალაქ მუზეუმის ქვიან გზას და თითქმის 2 საათი ისმოდა ჩემი თუ მშობლების მითითებები: ხელი მოკიდე დედას, არ ჩამორჩე მასწავლებელს, ამ ბილიკზე არ გაიარო, ფრთხილად ჩამოხტი, დადექი სურათი გადაგიღო და ა.შ. მოკლედ ძალიან იხალისეს ბავშვებმა, მაგრამ კარგადაც დაიქანცნენ. ამინდმაც ხელი შეგვიწყო და ყველა ცივ წყალსა და ნაყინს ითხოვდა უკან ჩამოსვლისას.
უფლისციხე
    უფლისციხის შემდეგ ატენში წავედით. დედათა მონასტერი მოვილოცეთ, ვნახეთ ახლახან გარდაცვლილი გიმნაზიის თანამშრომლის დედა ნინოს საფლავი და სიონისკენ გავემართეთ. ეს უძველესი, გიგანტური კომპლექსი ჯერ კიდევ რესტავრაციის პროცესშია. ტაძარში სანთლები დავანთეთ, გარეთ ფოტოები გადავიღეთ და სასადილო ადგილის ძებნას შევუდექით. ერთ დაბლობზე, მდინარე ტანას ნაპირზე დავბანაკდით და საღამომდე რა აღარ ითამშეს ბავშვებმა თუ მშობლებმა: წრეში ბურთი, ბადმინტონი, შეეჯიბრნენ სირბილში, იჭყუმპალეს წყალში და ითევზავეს კიდეც. რითი? პოლიეთილენის ბოთლებს მოაბეს წვრილღერიანი ბალახის ღეროები და წყალში აგდებდნენ. ზოგმა ბოთლი დაკარგა ( ვწუხვარ, ამით ხომ გარემო დავაბინძურეთ)  და მერე ტაქტიკა თავდვე შეცვალეს (ელენამ მოიფიქრა და დააპატენტა კიდეც გამონაგონი. ანკესებს მარტო მე ვაკეთებ და სხვები არ შემეცილოთო-გამოაცხადა), ბალახის მაგიერ ცელოფნის პარკებზე დაამაგრეს ბოთლები და ახლა აღარ წყდებოდა "თოკები".
მეთევზეები ტანაზე

    კიდევ ერთი მნიშნელოვანი აქცია გვქონდა დღეს: მოსწავლეთა დაჯილდოვების ცერემონია. მოსწავლეებს წინასწარ გავუმზადე პორტფოლიოები, რომლებსაც მთელი წლის მანძილზე ავსებდნენ საკლასო თუ სკოლისგარეშე აქტივობებით.ესენია ყველა საგნის  სხვადასხვა მასალა:ნახატები, ტესტური სამუშაოები, აპლიკაციები, ფოტოები და ა.შ. ყველა მოსწავლეს გადავეცი საზეიმო ატმოსფეროში პორტფოლიოები,ასევე სიგელები, სადაც ჩამოთვლილი იყო მათი წარმატებები წლის მანძილზე.მართალია  სამინისტრო გვირჩევს რომ მოსწავლეები არ გავანებივროთ  მსგავსი დოკუმენტებით, მაგრამ ვთვლი, რომ წელიწადში ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც პირველკლასელებისთვის წახალისების ასეთი ფორმა. ნეტავ გენახათ მათი აღტაცებული და ამაყი სახეები, როცა სიგელებსა და აქტივობების ამსახველ მასალას მშობლებს აჩვენებდნენ.
მარიამი პორტფოლიოს მოლოდინში

    გამიჭირდა მათი წამოყვანა. ავტობუსში ჩასხდომისას მეგონა ისევ ისეთ ხალისზე იყვნენ, როგორც დილით, მაგრამ ათიოდე წუთის შემდეგ დაწყნარდნენ და მივხვდი, რომ სახლში მისვლისას  ძილის მეტი არაფერი ენდომებოდათ.
   ......კმაყოფილი ვარ დღით.....ექსკურსია ძალიან კარგი საშუალებაა  მოსწავლეების, მშობლებისა  და მასწავლებლის დასაახლოვებლად და დასამეგობრებლად. ეს კი ხელს უწყობს მათ სამომავლო თანამშრომლობასა და ურთიერთობას.

No comments:

Post a Comment